გიორგი ვოლსკი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

0

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტად მყოფ სერბეთის რესპუბლიკის პირველ ვიცეპრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილში, ბელგრადში, საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ყურადღება ასევე გამახვილდა მაღალი რანგის ორმხრივი ვიზიტებისა და ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე, საქართველოსა და სერბეთის ევროინტეგრაციის პროცესს.

„ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ევროკავშირთან დაახლოების სტრატეგიაზე, რომელიც, მნიშვნელოვანწილად, მსგავსია. მყარად შევთანხმდით ურთიერთ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, სადაც ჩვენი ურთიერთგაგება არის სრულფასოვანი. გარდა ამისა, დღის წესრიგშია დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში, ძალიან ინტენსიური გახდა ურთიერთობები სერბეთსა და საქართველოს შორის”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ესწრებოდნენ. ​

კომენტარები

კომენტარი