“თუ გვინდა, გამოვავლინოთ, პანკისის ხეობაში რა მოხდა, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ”

0

“თუ ჩვენ გვინდა, გამოვავლინოთ, პანკისის ხეობაში რა მოხდა, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა,დამატებითი ძალების შეყვანაზე გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მიეღო, რადგან გამოყენებული იყო სპეცრაზმი და პოლიციური ძალა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები უნდა გამოცხადნენ და კითხვებს პასუხები გასცენ.
“ვინ აგებს პასუხს პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანაზე? ვინ აგებს პასუხს, რომ რეგიონში სახიფათო გამწვავება და იმ ზღვართან მიახლოება მოხდა, რომლის იქით შეიძლება, სიტუაცია აფეთქდეს? ვინ აგებს პასუხს, რომ პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ერთმანეთთან დაპირისპირება მოუწიათ? ეს პოლიტიკური კითხვებია და არანაირი კავშირი აქვს არც ადგილობრივი მოსახლეობისა და არც პოლიციელების ქცევასთან. თუ ჩვენ გვინდა, გამოვავლინოთ, პანკისის ხეობაში რა მოხდა, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ. აქედან აქცენტის გადატანა რიგითი სამართალდამცველებისა და პანკისელების ქცევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. დამატებითი ძალების შეყვანაზე გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მიეღო, რადგან გამოყენებული იყო სპეცრაზმი და პოლიციური ძალა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი