„ხელისუფლებას პანკისის ხეობის ძალიან კომპლექსური განვითარების გეგმა აქვს, რომელიც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის საკითხებს“, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ციხელაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქისტები ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები არიან და აბსოლუტურად დაუშვებელია დაძაბულობა.
მისივე თქმით, ჩვენ მშვიდად, გონიერებით, საქმიანად, არგუმენტირებულად უნდა ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე.
„ძალიან მინდა, დავუბრუნდეთ იმ სულისკვეთებას, იმ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, რაც წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობასთან გვაქვს. გვაქვს პანკისის ხეობის ძალიან კომპლექსური განვითარების გეგმა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქისტები ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები არიან. აქ ძალიან ბევრი ადამიანია სამაგალითო სახელმწიფოებრივი აზროვნებით და ეს წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ვნახეთ. ყველამ მაქსიმალური გონიერებით, იმ მზაობით, რომელიც ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა ამ დღეებში, დიალოგისა და საქმიანი, არგუმენტირებული დისკუსიის გზით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხეობასა და ერთმანეთზე ზრუნვა, რადგან ეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება 21 აპრილს ორჯერ მოხდა.
აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.