შოთა გულბანი: ასეთი პროექტისთვის ხელის შეშლა ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგეები მოქმედებენ ქვეყნის განვითარებისა და თავისი ხალხის კეთილდღეობის წინააღმდეგ

0

„სამწუხაროა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი სხვა ოპოზიციური პარტიები, ასევე, მათთან აფილირებული მედია „ხადორი 3“ მცირე ჰესის ინვესტორი კომპანიის – „ალაზანი ენერჯის“ მიმართ ორმაგ სტანდარტს იყენებს და მისი დისკრედიტაციითაა დაკავებული“, – განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა.
შოთა გულბანი „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლაშა იორდანიშვილი სწორედ ჰესების მშენებლობისთვის დააჯილდოვა.
„არადა, ჯერ კიდევ 2012 წელს კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი, ლაშა იორდანიშვილი მაშინდელმა მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა წლის ბიზნესმენად აღიარა და მას საზეიმოდ ჯილდო გადასცეს, ჰესების მშენებლობა კი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმიანობად შეაფასეს”, – აღნიშნა შოთა გულბანმა.
მისი განმარტებით, ის პროცესები, რომლებიც კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მიმართ ხორციელდება, ინვესტორთა უფლებების ცალსახა დარღვევაა.
გულბანის განცხადებით, საგანგაშოა, როდესაც პანკისის ხეობის სოფლებში ცრუ და პროვოკაციული განცხადებების გავრცელების შედეგად ხდება ინვესტორთან ადგილობრივი მოსახლეობის ხელოვნურად დაპირისპირება.
„სწორედ ამისთვის, აუცილებელია არა მხოლოდ პანკისის ინციდენტის სრული და დეტალური გამოძიება, არამედ – პროვოკატორთა გამოვლენაც, რათა ხეობაში აღდგეს სტაბილურობა”, – აცხადებს „აფბას“ პრეზიდენტმა.
მან დაუშვებლად მიიჩნია ინვესტორებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერი გამოვლინება თბილისსა და რეგიონებში, თუკი მათ ქვეყნის კანონმდებლობა არ აქვს დარღვეული.
„რამდენადაც ვიცი, „ხადორი 3“ არის მცირე ჰესი, რომლის მშენებლობის ნებართვა ინვესტორ კომპანიას მას შემდეგ მიეცა, რაც ყველა სათანადო დასკვნამ სამთავრობო უწყებების ნებართვა მიიღო. ეს ჰესი, პრაქტიკულად, უვნებელია გარემოსთვის. ამდენად, ასეთი პროექტისთვის ხელის შეშლა ნიშნავს იმას, რომ პროექტის მოწინააღმდეგეებს არა გარემო და ადგილობრივი მოსახლეების ინტერესი აღელვებთ, არამედ მოქმედებენ ქვეყნის განვითარებისა და თავისი ხალხის კეთილდღეობის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ. მოცემულ ვითარებაში სწორედ ხელისუფლება უნდა იყოს ეფექტური შუამავალი ბიზნესსა და მოსახლეობას შორის, ბიზნესსა და გარემოსდამცველთა შორის, რომ თავის დროზე იქნას აცილებული სიტუაციის ესკალაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამგვარი დაპირისპირებები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება, იოლი წარმოსადგენია ის უარყოფითი შედეგები, რაც დაკავშირებული იქნება ბიზნესგარემოს გაუარესებასა და შემცირებულ სამუშაო ადგილებთან“, – აცხადებს შოთა გულბანი.

კომენტარები

კომენტარი