„მეფე“ საქართველოში ბრუნდება – დავით ბაგრატიონი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

0

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა „პრაიმტაიმის” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ადვოკატი ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
„ბოლო ხანს მიზნამიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ძალადობა მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ. ამ ინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი – მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატივისა და ღირსების შელახვა. რატომღაც, ე.წ. დაზარალებულის მიერ ამ ფაქტის გასაჯაროება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სამოქალქო სარჩელი. მათი განმარტებით კი, თითქოს ეს ძალადობა განხორციელდა 5 წლის წინ – რაც ძალიან უცნაურია. ძალიან მარტივია დასკვნის გამოტანა – ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, ასევე, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემალება გამოძიებას და ამ მოტივით დატოვა ქვეყანა. ადვოკატის განცხადებით, საქართველოში “მეფე”  უახლოეს დღეებში დაბრუნდება.
„ვადასტურებ, რომ დავითი ბაგრატიონ-მუხრანელი ამ დროისთვის ნამდვილად არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი გამგზავრება უკავშირდება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის უახლოეს დღეებში აპირებს დაბრუნებას, მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ნებისმიერ კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი. ჩემი მარწმუნებლის ინტერესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს გამოძიება და საზოგადოება მალე დარწმუნდება, რომ მთელი ეს ბრალდებები არის აბსურდი. არანაირი ძალადობა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ არ მომხდრა”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი