ვახტანგ ბერიძე: ზუსტად ვიცი, როდის რა უნდა გაკეთდეს სოფელში
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ვახტანგ ბერიძე ბეღლეთის, კორტოხის, გელაძეებისა და პაქსაძეების სოფელში იმყოფებოდა. შეხვედრისას ადგილობრივებმა მერობის კანდიდატს შიდა სასოფლო გზის, სასმელი წყლისა და სოფლის სახლის მშენებლობის პრობლემები დაუსახელეს. ხულოს მერად არჩევის შემთხვევაში, ვახტანგ ბერიძე მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
,,თქვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა მაქვს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე ვარ აქ დაბადებული, გაზრდილი. ბევრი არაფერი ვიცი სხვაზე მეტი, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდის რა უნდა გაკეთდეს სოფელში, თქვენსავით ვცხოვრობ სოფელში და ზუსტად ვიცი, რა სჭირდება სოფლის მოსახლეობას. ამიტომ, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მმართველ გუნდს, რომ ჩემზე შეაჩერა არჩევანი, მე არ ვთვლი ხულოს მერობას თანამდებობად. ხულოს მერობა არის ღვთის წყალობა, ემსახურო საკუთარ ხალხს, როგორც ამას იმსახურებენ ისინი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და სრულად ვაცნობიერებ, თუ რა გამოწვევები იქნება მომავალში და რა არის გასაკეთებელი. მე არ მოვდივარ აქ იმისთვის, რომ ვიყო თანამდებობაზე და დრო რომ ამოიწურება, წავიდე სახლში. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ჩემი თქვენდამი სიყვარული გავაორმაგო. ხულოს მერი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც დღე და ღამე არ ექნება და იმ დროს დადგება მოქალაქის გვერდით, როცა მას დასჭირდება. ეს არის მთა და არ ვიცით, ვის როდის რა დახმარების გაწევა დასჭირდება. ძალიან გთხოვთ, 19 მაისს საარჩევნო ყუთთან შემოხაზოთ “41”, ამით თქვენ არ ირჩევთ მხოლოდ ვახტანგ ბერიძეს, ან ხულოს მერს, თქვენ ირჩევთ, შვილს, ძმასა და მეგობარს, თქვენი ყველა ტკივილი მეტკინება ისე, როგორც – თითოეულ თქვენგანს”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.