აკაკი ზოიძე: ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო ნამდვილად არ არის

„ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო ნამდვილად არ არის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტყვიით დაბინძურების წყარო დადგინდება, პროფილაქტიკურ სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება კონკრეტული მიზეზის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების გატარება.
„ძალიან კარგია, რომ მთავრობას პრობლემასთან გასამკლავებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ღონისძიებების გეგმა აქვს ჩამოყალიბებული. გეგმა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის – ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდათ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩაღრმავებული, ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს იმის თაობაზე, თუ საიდან არის ეს ექსპოზიცია ტყვიასთან.
საყურადღებოა, რომ თბილისში, სადაც, თითქოს და, უნდა ყოფილიყო ტყვიის უფრო მაღალი კონცენტრაცია, ეს ასე არ არის და სინამდვილეში შედარებით მაღალი კონცენტრაცია რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. სწორედ კომპლექსური კვლევის ჩატარების აუცილებლობაა ჰაერში, გარემოში, ნიადაგსა და საკვებში, წყაროს დასადგენად“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, ამ დრომდე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჰაერში მონიტორინგი მუდმივად ტარდება. გარდა ამისა, ზოიძის განცხადებით, გარემოს დაცვის კომიტეტმა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით თემატური მოკვლევა გააკეთა.
„თემატურ მოკვლევაში ნათლად გამოჩნდა, რომ ჰაერი წესით ძირითადი დაბინძურების წყარო არ უნდა იყოს ისევე, როგორც  – ბენზინი და ანალოგიური მდგომარეობაა საკვებთან მიმართებით.
გვახსოვს სუნელებთან დაკავშირებული შემთხვევები, მაგრამ ვინაიდან ბავშვები სუნელებს ამ ასაკში არ მოიხმარენ და კვლევის შედეგები კი ეხება 2-დან 7 წლამდე ბავშვებს, იმ ასაკს, როდესაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანი ტყვიის მავნე ზემოქმედების მიმართ, ესეც ვერ იქნება ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის მომატების მიზეზი“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები