სოფიო ხორგუანი: საჯარო სკოლებში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, სკოლის ჩაკეტილი სისტემა უნდა გაიხსნას

საჯარო სკოლებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოფიო ხორგუანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს განცხადებით მიმართავს. ხორგუანი მინისტრს სკოლების განვითარებაში საზოგადოების ჩართვის მიზნით, სკოლის ჩაკეტილი სისტემის გაღებას და მათი მხარდამჭერი ჯგუფების – ,,ჩემი სკოლის გულშემატკივრის“ შექმნის იდეას სთავაზობს.
ხორგუანის თქმით, არაერთი რეფორმის მიუხედავად, საჯარო სკოლა კვლავ ვერ ახერხებს მოსწავლისთვის სათანადო განათლების მიცემას. გამოწვევებს მხოლოდ სამინისტრო ვერ უმკლავდება, ამიტომ, ხორგუანი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სკოლის გაძლიერების, დახმარების, თაობების დაცვისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. ხორგუანი მიიჩნევს, რომ ამისთვის სკოლა უნდა გახდეს ღია.
,,დღეს რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, ადამიანის უფლებებსა და მსგავს თემებზე მოსწავლეებისთვის ლექციის წაკითხვა მოინდომო, სკოლის დირექტორს რესურსცენტრის თანხმობა სჭირდება. მიმაჩნია, რომ ხარისხიანი განათლების მისაცემად საჯარო სკოლებს მეტი ავტონომიურობა უნდა ჰქონდეთ. ამიტომ მსგავსი ტიპის სასიკეთო თემებზე, დირექტორს თავად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება. განათლების სამინისტრომ დიდი სოციალური კამპანია უნდა დაიწყოს, საჯარო სკოლები უნდა გაიღოს და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა მოგვეცეს, დავეხმაროთ ჩვენ-ჩვენს სკოლას.
შესაბამისად, სამინისტროს ვთავაზობთ იდეას, სკოლების განვითარების, მოტივაციის გაზრდისა და საზოგადოების ჩართულობის მიზნით, ყველა სკოლას ჰყავდეს თავისი მეგობარი, მხარდამჭერი – „ჩემი სკოლის გულშემატკივარი“. ეს მხარდაჭერა თითოეული სკოლისთვის შესაძლოა, იყოს ფინანსური, ინტელექტუალური თუ სხვა სახის. მოქალაქეებს, რომლებსაც ამის სურვილი, შესაძლებლობა და უნარები აქვთ, მივცეთ საშუალება, იყვნენ თავიანთი სკოლის გულშემატკივარი: წაიკითხონ ლექცია კონკრეტულ თემებზე, იყიდონ სკოლისთვის საჭირო ნივთები, სტიპენდია დაუნიშნონ საუკეთესო მოსწავლეს/მასწავლებელს“, – აცხადებს სოფიო ხორგუანი.
დეპუტატობის კანდიდატს მიაჩნია, რომ საჯარო სკოლებში არსებული გამოწვევების გასამკლავებლად საჭიროა სამინისტროსა და საზოგადოების ერთობა.
,,სამინისტრომ ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ სამომავლოდ კი არა, სექტემბრიდან, ან ყველაზე გვიან პირველი იანვრიდან, მასწავლებლის მინიმალური ხელფასი განისაზღვროს ათასი ლარით. „ჩემი სკოლის გულშემატკივარი“ კი მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას მისცემს, მეტი წვლილი შეიტანონ საქვეყნო საქმეში. ის არ იქნება სკოლასთან შრომით ურთიერთობაში“, – აღნიშნავს სოფიო ხორგუანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები