სალხინოში უბედურ შემთხვევას 44 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში უბედური შემთხვევა მოხდა. 44 წლის მურთაზ კეკუტია, რომელიც მცირე საამქროში მუშაობდა, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და ადგილზევე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ სალხინოს წარმომადგენელმა, გია ჯიჯელავამ განუცხადა, საამქრო გიორგი კეკუტიას ეკუთვნის, თუმცა ექსპლუატაცია ჯერ კიდევ გავლილი არ ჰქონდა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი და საამქროს დამფუძნებელი ბიძაშვილები არიან.
„გარდაცვლილი და საამქროს დამფუძნებელი ბიძაშვილები არიან. მურთაზ კეკუტია, რომელიც საამქროში მუშაობდა, იქვე ახლოს ცხოვრობს და რაღაცა საქმისთვის იყო შესული. საამქრო ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში შესული არ არის, თვის ბოლოს იყო დაგეგმილი. რას აკეთებდა საამქროში, არ ვიცი. უბედური შემთხვევა მოხდა”, – აცხადებს სოფლის რწმუნებული.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ცხედრის ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი