“ნავთლუღის სპეცოპერაციისას” მოკლული მარად ართმელაძის მამა: დათა ახალაია დგება, დასცინის მკვდრებს, ავტომატს ისვრის და იცინის – ეს კადრები ტელეფონშიც მაქვს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კუდ-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული სამი ახალგაზრდის – მარად ართმელაძის, რომან სურმანიძის და მურად გორგაძის საქმე განიხილება, რომელიც “ნავთლუღის სპეცოპერაციის” სახელით არის ცნობილი.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მყოფმა მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ გაიხსენა კადრები, სადაც კუდ-ის მაშინდელი უფროსი, დათა ახალაია ავტომატს ისვრის და მკვდრებს დასცინის.
“ხელისუფლება იქცა ჯალათებად, რატომ დახოცა ხელისუფლებამ, ამაზე მაქვს გული გახეთქილი. დათა ახალაია დგება, დასცინის მკვდრებს, ავტომატს ისვრის და იცინის – კადრებშია ეს, ტელეფონშიც მაქვს ეს კადრები,” – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
თეა წულუკიანის თქმით, ამ გარემოებების გამო, გასაკვირი არ არის, რომ მოკლული ახალგაზრდის მამა, სპეცოპერაციის ფიგურანტებს ჯალათებს უწოდებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მოკლული მარად ართმელაძის სიმართლე.
“ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მათ ჯალათებს ეძახით და ეს ტერმინი კარგი იქნება სხვა კვალიფიკაციებთან ერთად დასკვნაში თუ მოხვდება. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.