სულხან სალაძე: შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველა კრიზისულ სიტუაციაში მიდის და საუბრობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ,,ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

როგორც სალაძემ განაცხადა, აუცილებელია ხელისუფლებამ გააკეთოს სიტუაციის დეტალური ანალიზი, თუ რამ გამოიწვია გუშინდელი ინციდენტი. ასევე, მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობასთან საუბარი. სულხან სალაძის განცხადებით, ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებაში, ვინც ყველა კრიზისულ სიტუაციაში მოსახლეობასთან მიდის და ელაპარაკება, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა.

“მე ვფიქრობ, რომ პირველი რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არის დეტალური ანალიზი იმის, რაც მოხდა გუშინ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. თუ ეს არ მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა ლოიალურ პოლიტიკას აირჩევს, თუ რეპრესიულ პოლიტიკას აირჩევს, სადღაც სხვაგან ეს ისევ იფეთქებს. პირველ რიგში, უნდა ესაუბრონ ადამიანებს და უნდა ესაუბრონ ისინი, ვისაც რეალურად შეუძლია საუბარი. ჩვენ გვყავს ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც საუბარი არ შეუძლია და რომლებიც უბრალოდ არ ჩანან არსად, ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ, რეალურად ჩვენ გვიწევს ძალიან რთულ დროში ცხოვრება და იმ პირობებში როდესაც, პრაქტიკულად შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთადერთი ადამიანი ქვეყანაში, რომელიც, კარგია თუ ცუდი, სადღაც მიდის და საუბრობს. რა ფორმით და როგორ ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს არის ერთადერთი ადამიანი. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც ქვეყანაში ჩნდება, პრაქტიკულად ის არის ერთადერთი. რეალურად, ჩვენ გვყავს სხვა სამინისტროები, რომლებსაც პირველ რიგში ევალებათ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია, მანამ სანამ ამ ტიპის სამინისტროები უნდა ერთვებოდნენ პროცესებში. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება რეალურად გაიაზრებს იმას, თუ რა მოხდა გუშინ.” – განაცხადა სულხან სალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები