გიორგი გახარია: პანკისში, დილის 8 საათზე, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი იყო, მას შემდეგ რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, დამატებითი ძალები მობილიზდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე და პოლიციელების მიმართ ჩადენილი.

„გუშინ იყო მძიმე დღე, ყველასთვის და სამწუხარო დღე. დღეს ყველა ვმშვიდდებით, ვწყნარდებით და ვაანალიზებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თოთოეული სამართალდამცველის უფლებებს და შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო ჩადენილი პანკისის მოსახლეობისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ არ ვიჩქარებთ. ვიქნებით წყნარი, მშვიდი და ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს ამ მიმდინარე გამოძიების მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა. არსად არ გვეჩქარება. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, ისევე როგორც ყველამ ერთად ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობა და ღირსება“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო დიდი რაოდენობით სამართალდამცველების პანკისის ხეობაში მობილიზება, მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილით, ადგილზე მშენებლების უსაფრთხოებას, კახეთის სამხარეო პოლიციის მხოლოდ 35 თანამშრომელი იცავდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მოხდა მათზე თავდასხმა, საჭირო გახდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.

„მე არაერთხელ განმიმარტავს და აღმინიშნავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი და თუ ეს საჭიროა. ჩვენ ამის ვიზუალურ ფაქტებსაც გავასაჯაროებთ. პანკისში, დილის 8 საათზე, წყნარად, მშვიდად, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი, იმისთვის რომ მათ უზრუნველეყოთ მშენებლების უსაფრთხოება, რა თხოვნითაც ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად მოგვმართა, შევიდნენ აი ამ ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა რა თქმა უნდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე პროკურატურაში აღძრულია – იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას – აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით. იმიტომ, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება. დაძაბულობის დაწყებამდე, 35 კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელის გარდა ხეობაში არ ყოფილა არავინ. ეს არის ფაქტი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ“. – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები