“რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები” – გია ვოლსკი პროექტის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესების მნიშვნელობასა და მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმის პირობებზე სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს.
“რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები:
„ხადორი – 3-ის“ სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, მშენებლობის ხანგრძლივობა – 12 თვე. დაგეგმილია, აგრეთვე, „სამყურაწყალი 2-ის“ ჰესის მშენებლობა, რომლის აშენებაც 30 თვეს გაგრძელდება. ორივე „მწვანე პროექტია“, კაშხლის გარეშე. ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია. გამოიმუშავებენ 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეც.
პირობები, რასაც მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი ითვალისწინებს:
მოშორებით გადაინაცვლებს ელექტროგადამცემი ხაზი;
მოწესრიგდება ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემა;
ძიბახევისა და ბირკიანის მოსახლეობის სარგებლობისათვის სპეციალურად შექმნილ ფონდში შეტანილი იქნება 2018 წელს დახარჯული დენის ფასის ოდენობა;
ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოიყენებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს;
კომპანია იღებს ვალდებულებას, მყისიერად მოაგვაროს წყლის მიწოდების შესაძლო პრობლემა;
აშენდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი;
აშენდება ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი;
ყოველწლიურად, კომპანია პანკისის ხეობის ახლადშექმნილ ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს;
ადგილობრივ ბიუჯეტში, ყოველწლიურად, გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი. კომპანია „ფერის“ პანკისის ხეობაში უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გადაამზადა, რომლებიც, ამჟამად, საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები”, -წერს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები