სუს-ის ანგარიშის განხილვა დახურულ ფორმატში გაგრძელდება

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვა პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე დახურულ ფორმატში გაგრძელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის თხოვნის შემდეგ მიიღეს.
„დიდი თხოვნა იქნება სხდომის თავმჯდომარეების მიმართ, დეპუტატების მიმართ, ვინაიდან კითხვები და მასზე გაცემული პასუხები, ყველა შემთხვევაში, იქნება საინტერესო არა მხოლოდ მოყვრისთვის, არამედ – მტრისთვის. ჩემი თხოვნა იქნება, კითხვა-პასუხის რეჟიმით ჩავატაროთ დახურულ ფორმატში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ანგარიშის წარდგენის შემდეგ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხების მოსმენა უმჯობესი იქნება, რომ დახურულ ფორმატში მოხდეს.
„ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის საჯარო ნაწილი. ყოველთვის, როცა გვაქვს კომუნიკაცია, ვსაუბრობთ, რომ უწყებამ საზოგადოებასა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში და ის ინფორმაცია, რომლის საჯაროდ გამოქვეყნების შესაძლებლობაც არსებობს. იმისათვის, რომ დეპუტატები მეტად ინფორმირებული იყვნენ საფრთხეების, გამოწვევების, რისკების შესახებ და მოხდეს ანალიზის გაკეთება, მათ შორის გაიმართოს მსჯელობა უწყების წინაშე არსებულ პრობლემებზე, ამას ღიად ვერ ვიზამთ. მთავარია, ვიმსჯელოთ იმ ძირითად, ძალიან რთულ გამოწვევებზე, რაც არის რეგიონში და ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი