10 უკრაინელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, უწყებაში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს, მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან 10 მცირეწლოვანი ახლდა.

მათივე ცნობით, არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ათივე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მათგან ოთხი 2017 წელს, სხვადსხვა დროსაა დაბადებული, შსს-მ, ეჭვის საფუძველზე, გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. 10 ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან ამ ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც, ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს, ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ დღეს  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში უკრაინის 10 არასრულწლოვანი მოქალაქე კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს, მათ შორის, ერთი 7 თვის ჩვილია.

პედიატრ მზია გერგედავას განცხადებით, საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა 10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შემოიყვანა. ათივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები