სერგეენკო ქობულიაზე: ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს

“ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა, მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გადაყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტებმა სერგეენკოს ჰკითხეს, თუ რატომ მოხსნეს ეკონომიკის მინისტრი.
„ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. ამ წლების განმავლობაში მინისტრების ცვლილებები სულ იყო და ნამდვილად ვიცი, მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს – ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა, მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს, ამ შემთხვევაში, არ არის ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, კონსულტაციები სულ იმართება, თუმცა, მინისტრი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
“ყველა კოლეგასთან კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს. კონსულტაციები ხშირად არის, თუმცა, მედიის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად. არ მივიჩნევ თავს ვალდებულად, რომ ამ კონსულტაციების დეტალები გავასაჯაროო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე განცხადებით, ქობულიას გადაყენებაში უცნაური არაფერია და ცვლილებები მთავრობაში მომავალშიც იქნება.
„სამთავრობო ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც სულ იქნება. კონკრეტულად რა იქნება, ამის გაცხადება და ამ საკითხების მართვა, ცალსახად, პრემიერმინისტრის პრეროგატივაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარის იქნება მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია.
პრემიერმინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები