გიგა ბოკერია ანრი ოხანაშვილს: იქნებ, საბოლოოდ გვითხრათ, რა არის თქვენი დამოკიდებულება რეკომენდაციების მიმართ

„იქნებ, საბოლოოდ მაინც გვითხრათ, რა არის თქვენი დამოკიდებულება რეკომენდაციების მიმართ, რა არის ანტიკონსტიტუციური საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებაში?“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს – ანრი ოხანაშვილს, სადაც დეპუტატები უმრავლესობის მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ.
ბოკერიას განცხადებით, უმრავლესობას ვენეციის კომისიის, ეუთო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა.
„ძალიან დიდი ტრაექტორია გაიარა თქვენმა პოზიციამ ვენეციის კომისიის, ეუთო-სა და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
თავიდან ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ კონსტიტუციას რაც არ ეწინააღმდეგება, ყველაფერს გავითვალისწინებთო. დასკვნა რომ მოვიდა, მერე იყო პიარმცდელობა, რომ ბრწყინვალე დასკვნაა – ოპონენტებს ხმა ჩააგდებინა ვენეციის კომისიამო. მერე იყო გააზრება და უკვე წუხილი, რომ წინა ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და NGO-ებმა შეცდომაში შეიყვანეს ვენეციის კომისიაო. ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირმა ისიც კი თქვა, რომ ვენეციის კომისია “ჯიბეში ჰყავდა” წინა ხელისუფლებასო, ანუ გაბრაზდით! ახლა დალაგდით და ამბობთ, რომ ითვალისწინებთ. იქნებ, საბოლოოდ მაინც გვითხრათ, რა არის თქვენი დამოკიდებულება რეკომენდაციების მიმართ: მტრული რეკომენდაციებია, სულელური, მხოლოდ ანტიკონსტიტუციურ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებთ. თუ არა და, კერძოდ, რა არის ანტიკონსტიტუციური საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებაში?“, – მიმართა ბოკერიამ კანონპროექტზე მომხსენებელს, ანრი ოხანაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები