ხმაური პარლამენტში – სესიაზე დეპუტატებმა მაგიდებზე „აბრახუნეს“ (ვიდეო)

პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურითა და კამათით დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი უნდა წარადგინოს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით სიტყვა შეაწყვეტინეს.
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები ითხოვდნენ, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ დეპუატატებმა მაგიდაზე ბრახუნი დაიწყეს.
ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ომბუდსმენი უკმაყოფილოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები აისახება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.
პარლამენტის წევრი, ოთარ კახიძე ორ საათს ითხოვდა, რათა დეპუტატები ახალ პროექტს გაცნობოდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
„არღვევთ რეგლამენტს, ნუ სპეკულირებთ, შეეშვით სპეკულაციებს”, – მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკურ ოპონენტებს სიმშვიდისკენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც მოუწოდა.
„ჭკვიანად იყავი, მანდ”, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ნიკა მელიას.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გადადო. სადავო კანონპროექტის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები