გოგი წულაია: ზესტაფონში ჩემს წარდგენაზე იმ სოფლიდან მეტნი იყვნენ, სადაც მეტი ახლო მეგობარი, ნაცნობი მყავს, მათ ვთხოვე, ჩამოვიდნენ

ზესტაფონის მერობის კანდიდატი, თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადასტურებს, რომ 15 აპრილს, მის კანდიდატად წარდგენაზე მხარდამჭერების უმეტესობა ზესტაფონის სოფლებიდან იყვნენ.
როგორც წულაიამ აღნიშნა, მან ინფორმაციის გავრცელება ვერ მოასწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით წულაიამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„წარდგენაზე იყვნენ ზესტაფონელები. უმეტესობა იყო სოფლებიდან. ვაღიარებ, რომ თავად ქალაქში მცხოვრები ზესტაფონელები ნაკლები იყვნენ, ვიდრე სოფელში მცხოვრებლები. ამას ვხსნი ერთი რამით: იმ სოფლიდან, რომლიდანაც უფრო მეტნი იყვნენ, მეტი ახლო მეგობარი, ნაცნობი მყავს და მათ ვთხოვე , ჩამოვიდნენ. იმიტომ, რომ ვერ მოვასწარი და საერთოდ, ძნელია რესურსების გარეშე მთელ ზესტაფონს გააგებინო, რომ გოგი წულაია 1 საათზე დგება მერიასთან და კანდიდატად ასახელებს თავის თავს. ამის მიტანა ადამიანებთან ვერ მოვასწარი, მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „მარშუტკებით“ და მიკროავტობუსებით არავინ მიმიყვანია. ყველა იყო თავისით მოსული. არჩიონ ახლა ზესტაფონის რომელიმე ქუჩაზე ცხოვრობდნენ, თუ ზესტაფონის რომელ სოფელში. იყვნენ ზესტაფონელები. ქუთაისელი სულ 3 იყო, ვინც ჩემს მანქანაში იჯდა“- განაცხადა წულაიამ.
კითხვაზე, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ზესტაფონში ქუთაისელ კანდიდატს, წულაია აცხადებს:
„ეს არის რაღაც კომუნისტური გადმონაშთი, ზესტაფონელი ვარ, თბილისელი ვარ, „კარენოი“ ქუთაისელი ვარ, ამ თეორიას არ ვეთანხმები. თბილისელად ვთვლი იმ ადამიანს, რომელიც თბილისით ცხოვრებს, თბილისში რომ ცხოვრობს იმას კი არა. ცხოვრებით არ უნდა განისაზღვრებოდეს მაგარი ქუთაისელია, თუ მაგარი ზესტაფონელი.
მე ცნობადობა არ მაკლია არც ზესტაფონში , არც თბილისში, არც კასპში და არც დუშეთში. ცნობადობა ყველგან მაქვს“.
ცნობისთვის, ზესტაფონის მერიის შენობის წინ წულაია პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ 15 აპრილს წარადგინა. წარდგენას დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც ესწრებოდა. აღსანიშნია, რომ ქალაქის მერიასთან გამართულ შეხვედრას თავად ქალაქ ზესტაფონის ამომრჩევლებიდან თითქმის არავინ დაესწრო. ოპოზიციური პარტიის კანდიდატის წარდგენაზე მისი მხარდამჭერები, ძირითადად, ადგილობრივი სოფლებიდან: ტაბაკინიდან, ილემიდან და სვირიდან იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები