არჩილ თალაკვაძე: როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ

„ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ რეკომენდაციებზე მსჯელობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს მოხდება.
„როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინებთ, ავსახავთ კანონპროექტში, დღესვე განახლდება კანონპროექტის განხილვა. რაც შეეხება პოლიტიკურ რეკომენდაციებს – იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. კერძოდ, იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ, მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს და კიდევ უფრო მკაფიოდ გავწერთ კანონპროექტში. მეორე რეკომენდაცია ეხება გამოცდის თემას, ვენეციის კომისია პირდაპირ არ გვეუბნებოდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა, გვეუბნებოდა, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით ამ საკითხს. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც. ახლა განახლდება პარლამენტში განხილვა და გამოვიყენებთ ამ დღეს, რომ მეორე მოსმენით მივიღოთ კანონპროექტი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე, მმართველი გუნდის წევრებმა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები