ჯაბა ჯიშკარიანი პატიმარ გიორგი ცააძის წერილის საფუძველზე პროკურატურაში გამოიკითხა

თბილისის საკრებულოს წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
როგორც „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯაბა ჯიშკარიანი გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებული განცხადებების გამო გამოიკითხა.
თავად ჯაბა ჯიშკარიანი ამ ფაქტს საკუთარი ინტერპრეტაციით ხსნის და აცხადებს, რომ რატომ დაინტერესდა საგამოძიებო უწყება დანაშაულიდან 13 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ თემაზე მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობდა.
„ჩემი დაბარების მიზეზად განმიმარტეს, რომ ეს იყო დამნაშავე გიორგი ცააძის წერილი. გიორგი ცააძეს ბრალად ედება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა. სწორედ პატიმარმა გიორგი ცააძემ გააგზავნა წერილი და თქვა, რომ ეს ახალი გარემოება არის. როდის ერთხელ გახდა გიორგი ცააძის წერილი ახალი გარემოება, არ მესმის და სწორედ ამასთან დაკავშირებით გამომკითხეს. უშუალოდ კითხვებს რაც შეეხება, ეს იყო: საიდან ვიცნობდი ზურა ვაზაგაშვილს, როდის გავიცანი ეს ადამიანი, როგორი ურთიერთობა მქონდა ბატონ იური ვაზაგაშვილთან და, ბოლოს, საიდან მქონდა ეს ინფორმაცია. მე არ მითქვამს, რომ ყურმოკრული ინფორმაცია მქონდა. ვუთხარი, რომ ყველა ამ კამპანიის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ რეალური გამოძიება დამდგარიყო ვაზაგაშვილის საქმეზე, ლიდერი და სულისჩამდგმელი ვიყავი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც აწარმოებდა ამ ბრძოლას 2006-დან 2012 წლამდე და შემდეგაც. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო ჩემი პროტესტი, როდესაც დალაქიშვილი დანიშნეს ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსად“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ამასთან, ჯაბა ჯიშკარიანი ხელისუფლებასა და პროკურატურას ურჩევს, რომ თაროზე შემოდებული საქმეებით დაინტერესდნენ და პასუხი გასცენ ხალხს.
„პროკურატურასა და იმ გუნდს, ვინც ხელისუფლებაშია, ვურჩევ, რომ იმით დაინტერესდნენ, ათი ათასობით საქმე რომ აქვთ შემოდებული თაროზე. არ მომწონს, რომ ვსაუბრობ ხელისუფლების ამ გამოწვევაზე. მე პირადად, გამოწვევას დავარქმევდი ამას ხელისუფლების მხრიდან. აუცილებლად მივიღებ ამ გამოწვევას და შემდეგ განცხადებებში ვიქნები უფრო ადეკვატური მათ ქმედებებთან“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, ჯაბა ჯიშკარიანი დაკითხვაზე გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომლის მიხედვითაც „ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელი, გიგი დალაქიშვილი 2013 წელს შს ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა და იმავე წელს გაათავისუფლა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები