მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში საქართველოს საელჩომ ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში საზეიმო მიღება გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წვეულებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები – პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ბელგიაში წარმოდგენილი ქართული დიასპორა ესწრებოდნენ. მიღების ფარგლებში საელჩომ ქართულ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი სამოსის ჩვენება მოაწყო. ღონისძიების მსვლელობისას ვალონიის სამეფო ოპერის ქართველმა ტენორმა პაპუნა ჭურაძემ საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ვალონიის ოპერის კვარტეტმა Quatuor César Franck-მა კი სტუმრებისთვის ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის ნაწარმოებები დაუკრა.