„ქართულ ოცნებაში“ გარდაბანში მომხდარ ინციდენტს “ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად აფასებენ
საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ გარდაბანში გუშინ მომხდარ ინციდენტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. “ქართულ ოცნებაში“გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პარტია პოზიტიურ საარჩევნო გარემოს გამწვავებასა და სხვადასხვა მიზეზით მოსახლეობაში შუღლის გაღვივებას ცდილობს.
„ქართული ოცნება“ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს, სხვადასხვა მიზეზით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში. ამის დასტური იყო გარდაბანში „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია და შედეგად აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომლის სხვა ჭრილში გადატანასა და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათთვის პირადი თუ პარტიული საქმეები ქვეყანაზე მაღლა დგას და ამისთვის საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაწირვასაც არ ერიდებიან. დარწმუნებულები ვართ, სამართალდამცავი უწყებები დეტალურად შეისწავლიან ინციდენტს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს. „ქართული ოცნება“ ერთგულია არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპისა და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.