ეკა ბესელია: ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ

“ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ, თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხისშემცველია”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცის, სად როგორ უნდა მოიქცეს.
„მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს ვანიშნე პროცედურაზე, ჭერს უყურა იმდენ ხანს, რამდენიც დარბაზისთვის არ მიუპყრია ყურადღება. ყველგან გაიხედა, ოღონდ არ შეემჩნია, რომ სიტყვის უფლებას ვითხოვდი. კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვის გამოსვლით არ ვისარგებლო და ეს უფლება შემიზღუდოს? ვუთხარი, თუ ვერ მხედავ, ამოვალ-თქო და ავედი, უფრო ახლოს დავენახე. გავაფრთხილე, რომ კეთილი ინებოს, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაიცვას. გაფრთხილება მივეცი, ჩვენი უფროსი კი არ არის, სხდომის წამყვანია და როცა პროცედურებს არღვევს, პასუხი მოეთხოვება. ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხისშემცველია, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს და ეს პროცესი იქნება მისთვის დამასრულებელი, თორემ, შინაარსობრივად, გინდ ყოფილა, გინდ- არა, ერთი კომიკური ფიგურაა. არ იცის ურთიერთობა – როგორ მოიქცეს, რეგლამენტი როგორ დაიცვას. იცის მხოლოდ ჭერში ყურება, ან გვერდით გახედვა, რომ არ შეგამჩნიოს. ახლა მიკროფონების გამორთვა ისწავლა. სანამ ზემოთ მეორედ ავსულვარ, გონს მოეგოს“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები