პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო
პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები ერთხმად – 97 ხმით მიიღეს. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებები, რომელიც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახალ რეგულაციებს აწესებს, რამდენიმე კანონში: “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ” კანონში, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”, “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონში, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში და პარლამენტის რეგლამენტში შედის.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ჯერ კიდევ გასულ წლის ზაფხულში საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა, ინიცირება კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მოხდა, თუმცა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების უარყოფითი პოზიციის გამო, განხილვისა და მიღების პროცესი შეჩერდა. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონებში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის მოსაზრებების გათვალისწინებით გადამუშავდა.