უსუფაშვილი: ივანიშვილთან მაქვს კითხვა, მურუსიძის დანიშვნის დღეს ხომ არ შედგა ჩვენ შორის კამათი

“ბიძინა ივანიშვილთან მაქვს კითხვა, კონკრეტულად მურუსიძის დანიშვნის დღეს ხომ არ შედგა ჩვენ შორის სერიოზული კამათი, დისკუსია და გაგრძელდა შემდეგ კარგა ხანს? ადასტურებს, თუ არ ადასტურებს ამ თემას?”, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილმა მოსამართლეებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მარტივი კონტრკითხვა მექნება, თუ მეკითხება, რას ვაკეთებდი სასამართლოსთან დაკავშირებით, რატომ ხმას არ ვიღებდი მაშინ, როდესაც გუნდში ვიყავი. მინდა, ვკითხო: რა ხდებოდა 2015 წლის დეკემბერში ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით და რა თემაზე გვქონდა ძალიან სერიოზული დებატები, რომელიც სერიოზულ კონფლიქტამდეც მივიდა – სიტყვიერ კონფლიქტამდე, რა თქმა უნდა. ხომ არ უკავშირდებოდა 2015 წლის დეკემბერში ჩვენი ძალიან ცხარე კამათი და სერიოზული დაპირისპირება, რომელამც შემდგომ ბევრი რამ განსაზღვრა ჩვენი გზების გაყრის თაობაზე, კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში იმ ადამიანების შემობრუნებას, ვისაც 10-წლიანი ვადა გაუვიდა და ხელახლა დაიწყო მათი დანიშვნები. კონკრეტულად მურუსიძის დანიშვნის დღეს ხომ არ შედგა ჩვენ შორის სერიოზული კამათი, დისკუსია და გაგრძელდა შემდეგ კარგა ხანს. იქით მაქვს კითხვა – ადასტურებს, თუ არ ადასტურებს ამ თემას? ამაზე პასუხის შემდეგ მზად ვარ, კიდევ სხვა ფაქტებიც მოვიყვანო, თუ ის კვლავ კითხვას დამისვამს, რა პოზიციები მქონდა ამ თემაზე და გუნდში რომ ვიყავი მაშინ, რას ვაკეთებდი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეაფასა.
„ის, თუ რეალურად როგორი სასამართლოა, ესენი რატომღაც ჩვენი გუნდთან თავის პოლიტიკური არსებობის მეექვსე წელიწადს განიცდიან. მეექვსე წელიწადს გაახსენდათ სასამართლო, რომ, თურმე, სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო მათ არ აწყობთ – მეექვსე წელიწადს, ხაზს ვუსვამ მას. სად იყვნენ დარჩენილ დროს, როდესაც ჩვენ კონსტიტუცია მივიღეთ და მივიღეთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, ევროპული კონსტიტუცია და მასში სასამართლოს შესახებაც იყო, იუსტიციის საბჭოს შესახებაც იყო, არჩევის შესახებაც და მათ ამ ყველაფერს ხმა მისცეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუსას.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები