ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო იზიარებს თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული სივრცის ოცნებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიის ქალაქ აახენში გაიმართა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჯილდოს მიღება მიულოცა.
„ჩემთვის საპატიო და სასიხარულოა დღეს ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე ესოდენ განსაკუთრებული აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა. თითქმის სამოცი წლის განმავლობაში კარლოს დიდის სახელობის პრემია გადაეცემა მათ, ვინც განსაკუთრებულ სამსახურს უწევს ევროპის ერთობის საქმეს. ეს პრემია, როგორც ის მისმა დამფუძნებელმა, დოქტორ კურტ პფაიფერმა დაახასიათა, მიზნად ისახავს ევროპის ხალხთა არაძალადობრივი, ნებაყოფლობითი ერთობის უზრუნველყოფას, რათა დაცული იყოს უზენაესი ამქვეყნიური ღირებულებები: თავისუფლება, ჰუმანურობა და მშვიდობა.
წელს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ განსაკუთრებულ პოლიტიკოსსა და მიზანმიმართულ ლიდერს, შერიგების თითქოსდა, შეუძლებელი გზების მაძიებელს და ევროპისა და ევროპისა და ევროპული იდეის მგზნებარე პროპონენტს.
ძვირფასო ბატონო რომპეი, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე ჩემგან პირადად, გულწრფელად გილოცავთ 2014 წლის კარლოს დიდის სახელობის პრემიით დაჯილდოებას და მოგახსენებთ მადლობას არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისათვის ევროპულ გზაზე წინსვლაში, არამედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილისთვისაც ევროკავშირის კონსოლიდაციისა და შემდგომი განვითარების საქმეში”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელიც ამ ისტორიული მნიშვნელობის გაფართოებას მოაქვს როგორც ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის, მათი ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც.
“წელს ევროკავშირი აღნიშნავს აღმოსავლეთით გაფართოების მეათე წლისთავს. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის უდიდესი სარგებელი, რომლიც ამ ისტორიული მნიშვნელობის გაფართოებას მოაქვს როგორც ახალი წევრი სახელმწიფოებისათვის, მათი ეკონომიკისა და მოქალაქეებისათვის, ასევე “ძველი” წევრი ქვეყნებისათვისაც. გაფართოებამ მოიტანა გაზრდილი ერთიანი ბაზარი ახალი და მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებით. გაფართოებამ მოიტანა უფრო კონკურენტუნარიანი ევროპა და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, მან შეახსენა ევროპელებს, რომ ევროკავშირი არსით პოლიტიკური პროექტია, რომელიც გულისხმობს კონტინენტზე მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გავრცელებას. ევროპა არის უნიკალური კონტინენტი, სადაც ადამიანს შეუძლია, სათუთად მოუფრთხილდეს თავის მემკვიდრეობას, რომელიც ასაზრდოებს მას და ამზადებს მომავლისათვის. სწორედ ეს არის ევროპის უზენაესი არსი. ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან საზიარო ისტორიისა და საერთო მომავლის მქონე ქვეყნები, სადაც ისინი თავისუფლებას მშვიდობაში ჰპოვებენ, რაც ზუსტად ასახავს ბატონი რომპეის მიერ გამოყენებულ სიტყვებს ევროპის დასახასიათებლად. საქართველო იზიარებს თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული სივრცის ოცნებას, რომელშიც სუფევს მშვიდობა და კეთილდღეობა და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციას, ენასა და რელიგიას. როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელს, მე მჯერა, რომ საქართველოსაც შეუძლია წვლილის შეტანა ევროპული პროექტის წარმატების განმტკიცებაში! კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვულოცავ ბატონ რომპეის და ვუსურვებ წარმატებას მის განსაკუთრებულ საქმიანობაში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები