ქალაქ მონტპელიეში კარვებში მცხოვრები ქართველები საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვენ

საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ მონტპელიეში, კარვებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ,,კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თავშესაფრის მაძიებელთა კარვებში განთავსება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საფრანგეთში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ბევრი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს და ფრანგულ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ყველა უზრუნველყოს საცხოვრებლით.

,,გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირები არიან თავშესაფრის მაძიებლები, ეს უზღუდავს საქართველოს საკონსულოს მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია ფრანგული მხარისგან, ან დახმარება აღმოუჩინოს მათ. ხშირ შემთხვევაში თავად მოქალაქეებს არ სურთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან დაკავშირება, რადგან, მათი აღქმით ამან შესაძლოა შეაფერხოს მათთვის თავშესაფრის მინიჭება.

ამის მიუხედავად საქართველოს კონსული საფრანგეთში გაემგზავრება ქალაქ მონტპელიეში და ადგილზე მოინახულებს მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა საფრანგეთის ქალაქ ბოვეში რა დროსაც, ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს კონსული ჩავიდა ადგილზე მოქალაქეების მოსანახულებლად. გაესაუბრა მათ და გაეცნო მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. მათ უარი განაცხადეს საქართველოში დაბრუნებაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს ბოროტად არ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. საქართველო ევროპის, ევროკავშირის მხრიდან მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყანად, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების სტატისტიკა დაბალია,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები