გიორგი მიქაუტაძე: სიცრუეა, რომ, თითქოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში ერევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მან განმარტა, სიცრუეა, რომ, თითქოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში ერევა და ეს ყველაფერი მოსამართლეთა ხელშია.​
მისივე თქმით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური მოდული შექმნა, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრები გადამზადდნენ.
“მინდა, გავაკეთო განცხადება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს მოვისმინეთ შეფასებები, რომ, თურმე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერევა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში და ეს ყველაფერი არის მოსამართლეთა ხელში. ეს არის სიცრუე.
​სრული პასუხისმგებლობით მინდა, განვაცხადო, რომ იუსტიციის საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ. გამოცდა ორ ეტაპად ტარდება. კომისია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგებს თქვენთან ერთად იგებს. პირველი ეტაპი არის ელექტრონული – ეს ტესტების ფორმით ტარდება და გამოსაცდელს დამთავრებისთანავე ეცნობება, ანუ პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ასახავს, რამდენი სწორი პასუხია გაცემული და რამდენი შეცდომაა დაშვებული. მეორე ეტაპი ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომელსაც ამოწმებს კომისიის ორი დამოუკიდებელი წევრი და მათ ერთმანეთის ვინაობა არ იციან. შემდეგ ხდება ამ შედეგების შეჯერება და თუ არ დაემთხვევა, უკვე შემდეგ ერთვება კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ, ფაქტობრივად, გამორიცხულია რაიმე ხარვეზი. კომისიის შექმნასა და ტრენინგებთან დაკავშირებით ჩვენ გავიარეთ USAD-ს პროგრამა პროლოგთან ერთად. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრები გადამზადდნენ. პროლოგისა და USAD-სგან ჩვენ ძალიან დადებითი შეფასება მივიღეთ. ორჯერ ჩავატარეთ შეფასება და ორივე შემთხვევაში დადებითი შეფასება მივიღეთ, თუმცა, იყო რაღაც მცირედი ხარვეზები, რომელთა გასწორებაც ხდება. რაც შეეხება ტესტების დაცულობას – ტესტები განთავსებულია დამოუკიდებელ სერვერთან, რომელზეც წვდომა არავის აქვს და თითოეული კომისიის წევრს მის მიერ შედგენილი კითხვები დამოუკიდებლად თავად შეჰყავს, ამიტომ, ყოველგვარი სპეკულაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას მიეწოდება ცრუ ინფორმაცია”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები