გია ვოლსკი: სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, გამოჩნდა, რომ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, სააკაშვილი, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთისა და დასავლეთის მიდგომებს შორის როგორც უკრაინასთან, ასევე – საქართველოსთან მიმართებით.
„მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და, ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია – ერთობლივად შემუშავებული „საგზაო რუკა“ და რუსეთს საშუალება მიეცა, მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისათვის საჭირო გეგმის რეალიზაცია.
დღეს მინდა, ყურადღება გავამახვილო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთისა და დასავლეთის მიდგომებს შორის როგორც უკრაინასთან, ასევე – საქართველოსთან მიმართებით.
შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა – ისევე, როგორც საქართველოსათვის – გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება „კოლონიალური პოლიტიკის“ გამტარებელ ევროკავშირში.
გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, უკრაინელებს დასავლეთის დიქტატისაგან დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი, მულტფილმი, რომელიც დედაქალაქის ახლადაშენებულ ქალაქში გადატანისა და საყოველთაო კეთილდღეობის დემონსტრირების კონცეფციაზეა აგებული.
საქართველოსთან მიმართებით, „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ლიდერისაგან მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე, რომელიც მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატო-სთან, ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატში პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.
დასაშვებია, რომ ეს გამოხტომა მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიოს, თუმცა, თუკი ყურადღებით გავაანალიზოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსებისა და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატისა და, ახლა უკვე, თავმჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნებიც სხვა შინაარსის იქნება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს გამოხატავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.
ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხალხისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების პოზიცია ისევე, როგორც – დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი ქვეყნების და გაერთიანებების მოღვაწეობის „კოლონიალისტურ პოლიტიკად“ შეფასების თაობაზე“, – ნათქვამია ვოლსკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები