დავით დონდუამ ნიდერლანდებში კონსულტაციები გამართა
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფებოდა. დონდუამ შეხვედრები გაიმართა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან იოპ ვიინანდთან, პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან მარისა გერარდთან, პრემიერ – მინისტრის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში ჯეკ ტვის კვარლეს ვანუფორდთან, თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორთან ვიმ ბარგერბოსთან, აგრეთვე, ნიდერლანდების პარლამენტის ზედა პალატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტების წევრებთან, ქვედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრების ძირითადი თემა ნატოს მოახლოებული სამიტი იყო. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებზე და იმ მოლოდინებზე, რომლებიც საქართველოს ნატოს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით აქვს. შეხვედრებზე დიდი დრო დაეთმო უკრაინის მოვლენების შეფასებას და მის შესაძლო გავლენას რეგიონისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე.