ყულიშკარში წყლის პრობლემის მოგვარება და წმინდა გიორგის ტაძრამდე მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოდიშისა და ყულიშკარში ამომრჩევლებს შეხვდა და პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატთან ერთად შეხვედრებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და მისი მხარდამჭერი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.
“ვიცი, რომ მუნიციპალიტეტში ბევრი საჭიროებაა, ამიტომ ვალდებული ვართ თითოეული თეთრი მიზნობრივად გამოვიყენოთ და თქვენს საჭიროებებს მოვარგოთ. მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც უპრეცედენტოა. კონკრეტულად ოდიშში ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, რეაბილიტირდება შიდა გზებიც”, – აღნიშნა მოსახლეობასთან ოდიშში გამართულ შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.
კანდიდატმა ყულიშკარში გამართულ შეხვედრაზე კი შეკრებილებს წყალმომარაგების მხრივ შექმნილ პრობლემაზე ესაუბრა და განუცხადა, რომ საკითხის მოგვარებაში თავად იყო ჩართული და აპრილის ბოლოს
წყალმომარაგების პრობლემა სოფელს მოეხსნება. წყალმომარაგებასთან ერთად, მოხდება ხიდ-ბოგირებისა და მილ-ხიდების მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ თხილის კულტურის გადარჩენის გზებზეც ისაუბრა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. 15 აპრილიდან ვიწყებთ აზიური ფაროსანას შეწამვლით სამუშაოებს. დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად კომპლექსური ღონისძიებებით ამ პრობლემას აუცილებლად დავძლევთ;- განაცხადა შეხვედრაზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა.
ყულიშკარში ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”_ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ, ადგილობრივებს პირადად მიაწოდა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ასევე იმყოფებოდა ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ტაძრამდე მისასვლელი გზა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და ადგილობრივები მის რეაბილიტაციას ითხოვდნენ.