იუსტიციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს ილიანა დერილოვას და IOM -ის გენერალური დირექტორის მოადგილეს ლორა ტომპსონს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს ის აქტივობები გააცნო, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უწყებათშორისი კომისიების ფარგლებში ახორციელებს. საუბარი შეეხო დასაქმებულის უფლებებს, შრომის ინსპექციის შემოღებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას, ნარკოპოლიტიკის საკითხებს.
თეა წულუკიანმა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ხელს მოვაწერთ იუსტიციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მემორანდუმს. ეს დოკუმენტი დაფარავს ყველა იმ თემას, რის ფარგლებშიც ჩვენ დღემდეც ვთანამშრომლობდით, და ხელს შეუწყობს ჩვენს უფრო აქტიურ თანამშრომლობას, რათა დავუახლოვდეთ ევროკავშირს და შევასრულოთ გაეროს ფარგლებში აღებული ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც საქართველომ ხელი ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოაწერა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრები შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებშიც გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები