მაია ფანჯიკიძე ვიქტორია ნულანდს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის 27 ივნისს დაგეგმილ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. მხარეებმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკის საკითხზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს გაეროში საქართველოს რეზოლუციას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას, ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდგომ ქვეყანაში კონტინგენტის შენარჩუნების შესახებ. მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზაობა განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ამ უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში.
“საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო დასტური, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას, მის წამოწყებებს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები