ირაკლი ალასანია ენერგოუსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ორდღიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანიამ მომხსენებლის რანგში ენერგოუსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება მიმოიხილა. მან ძირითადი აქცენტი ევროატლანტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მნიშვნელობაზე გააკეთა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზეც ისაუბრა.
“ბერლინში უსაფრთხოების სამიტზე განვიხილეთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ის, თუ რამხელა წვლილი შეუძლია საქართველოს, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების საკითხებში. ვისაუბრეთ საქართველოს მიღწევებზე ბოლო წლების განმავლობაში, რამდენად სწრაფად მიდის რეფორმისტული პროცესი და როგორ შეიძლება, რომ ხელმოსაწერმა ასოცირების შეთანხმებამ მისცეს მეტი საშუალება საქართველოს, გახდეს ევროპასთან უფრო დაახლოებული. აქედან გამომდინარე, მეტი შესთავაზოს ევროპას საქართველომაც და ასევე, თავად ევროპამ შესთავაზოს საქართველოს ამ ასოცირებული ხელშეკრულების შემდეგ.
რაც მთავარია, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ენერგოუსაფრთხოება არის ზოგადად ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების ის განუყოფელი ნაწილი, რომელზეც მეტი კონცენტრირება და ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინის კრიზისის შემდეგ ევროპამ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გერმანიის კანცლერის მრჩეველთან კრისტოფ ჰოისგენთანაც გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ირაკლი ალასანიამ გერმანულ მხარეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
“უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველთან, ბატონ ჰოისგენთან შეხვედრაზე განვიხილეთ ნატოს თემატიკა. თუ როგორ შეუძლია საქართველოს და მის გაზრდილ სამხედრო შესაძლებლობებს შეიტანოს დიდი წვლილი ევროპული უსაფრთხოების საკითხებში. გერმანია დადებითად აფასებს საქართველოს მონაწილეობას როგორც ავღანეთში, ასევე, ევროპის ოპერაციებში და განიხილავს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორს. სწორედ ამიტომ, დღეს შედგა შეთანხმება, რომ ჩვენ ვიქნებით გერმანელებთან ერთად წარმოდგენილი მომავალ ოპერაციაში, ავღანეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველებს და გერმანელებს აქვთ ძალიან მაღალი ნდობა ერთმანეთის და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფოები უფრო დაახლოვდება სამხედრო და ეკონომიკური კუთხითაც. დღესვე, არის არაოფიციალური ვიზიტი ჩვენი პრემიერის. ასევე, შედგება შეხვედრა მერკელსა და ღარიბაშვილს შორის რამდენიმე დღეში ოფიციალურიც და ეს ნიშნავს, რომ მაღალი დინამიკა არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გადაზრდილი სტრატეგიულ პარტნიორობაში“,- აღნიშნა მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები გამართა უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალურ აკადემიაში, მეცნიერებისა და პოლიტიკისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდებში.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=qcKldy1kyEg&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]