მაია ცქიტიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანია, მერმა კარგად და სიღრმისეულად იცოდეს თავისი რაიონის პრობლემები
“ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება, მხარი დავუჭირო მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხულოში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ხულოდანაა, თქვენი თანასოფლელია, თქვენი თანამემამულეა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა შუალედურ არჩევნებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია, მერმა კარგად და სიღრმისეულად იცოდეს თავისი რაიონის პრობლემები.
“ვახტანგ ბერიძემ მთელი ცხოვრება გაატარა აქ, ხულოში. ისწავლა ბათუმში, მაგრამ დაუბრუნდა ხულოს და, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მთელი თავისი შრომითი საქმიანობის განმავლობაში, იყო ხულოს რაიონში.
ეს ნიშნავს იმას, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რა გჭირდებათ თქვენ, რა პრობლემები გაქვთ და რა შესაძლებლობები აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ ეს პრობლემები კიდევ უფრო უკეთესად გადავწყვიტოთ, უფრო ეფექტურები ვიყოთ ყველა.
როდესაც მერის არჩევნებზე ვსაუბრობთ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მერმა ყველაზე კარგად, ყველაზე სიღრმისეულად იცოდეს თავისი რაიონის პრობლემები, ყველაზე კარგად შეეძლოს თქვენი ხმის მოტანა როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე – ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დაგვეხმაროს ჩვენც იმისთვის, რომ თქვენი გასაჭირი, თქვენი საჭიროებები უკეთესად დავინახოთ, უკეთესად შევძლოთ ამ საჭიროებებზე პასუხის გაცემა.
ჩვენ დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად. ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ, ყველა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდით და უკვე დაიწყო სამუშაოები. დღეს უკვე არის აყვანილი ტექნიკა. 47-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელშიც 110 მილიონი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი, არის არა მარტო ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ – პროექტი, რომელიც მოიყვანს ტურისტებს თქვენს რეგიონში და რომელიც, გზის მშენებლობის განმავლობაში, მოგცემთ საშუალებას, დასაქმდეთ გზის მშენებლობის დროს.
მას შემდეგ, რაც ამ გზის მშენებლობა დასრულდება, თქვენ მოგეცემათ საშუალება, გახსნათ ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, „გესთჰაუსები“, სასტუმროები, ტურისტების მომსახურებისთვის საჭირო ბიზნესი და გქონდეთ მუდმივი შემოსავალი, რაც ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე მრავლად არიან წარმოდგენილნი, საშუალებას მისცემს, სწორედ ხულოში მოძებნონ სამუშაო ადგილები, აქ შექმნან ოჯახები და აქ განვითარდნენ.
ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ სწორი ადამიანი – ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე ახლოს არის თქვენი პრობლემები და გული შესტკივა ამ რეგიონზე, რომელიც თქვენთან ერთად იშრომებს იმისთვის, რომ ხულო განვითარდეს. ამიტომ, ძალიან მსიამოვნებს, რომ მაქვს საშუალება, დღეს ასეთ ადამიანს – სწორედ ასეთ, თქვენგან გამოსულ ადამიანს დავუჭირო მხარი. მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები, ვუსურვო წარმატებები ჩვენს კანდიდატს და მხოლოდ ასე, ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, რომ ეს მხარე – აჭარა – გავხადოთ კიდევ უფრო წარმატებული”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.