თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე „თავისუფალი სიტყვის სექტორი“ იმუშავებს
თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი, წელს, პირველად გამოდის ინიციატივით, ფესტივალის ფარგლებში, მე-11 პავილიონში შეიქმნას „თავისუფალი სიტყვის სექტორი“, სადაც განთავსდება არასამთავრობო ორგანიზაციების სტენდები.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ახალი ინიციატივის ფარგლებში, საგანგებოდ ფესტივალის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი სიტყვის 1 საათი“, რომლის ფარგლებშიც, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ყოველ დღე, მათ დაეთმობათ ერთი საათი ფესტივალის მთავარ სცენაზე ყველაზე აქტუალურ და მწვავე თემებზე სასაუბროდ, გაიმართება პანელდისკუსიები ქართველი მწერლების ჩართულობით.
4 დღის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე მიეცემათ საშუალება, ფესტივალის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყონ მათი საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალის გავრცელება, დაგეგმონ შეხვედრები და დისკუსიები თავიანთ სტენდებზე და ფესტივალის დამთვალიერებლებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
ფესტივალი გაიმართება 2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 და მე-6 პავილიონებში.
რეგისტრაცია 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.