თორნიკე რიჟვაძე: ხულოს განვითარება მაღალმთიანი აჭარის განვითარების წინაპირობაა
“განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს და შევუქმნით პირობებს ახალგაზრდებს, რომ ისინი მთაში დარჩნენ”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შუალედურ არჩევნებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძის წარდგენისას განაცხადა.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამდენი ვართ და, რა თქმა უნდა, ხულოში ყოველთვის ვიცოდით სტუმრების ღირსეულად მასპინძლობა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვისაუბროთ და შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ხულოს განვითარებისთვის. ხულოს განვითარება მაღალმთიანი აჭარის განვითარების წინაპირობაა და მაღალმთიანი აჭარის სიძლიერე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა იმ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ახალ სიცოცხლეს შესძენს, განავითარებს ხულოს და,რა თქმა უნდა, შემოსავალს გააჩენს აქ, თქვენს ოჯახებში – თქვენს შვილებს, ბებიებსა და ბაბუებს მისცემს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას მთაში. მინდა აღვნიშნო, რომ გაზიფიცირების პროექტი, რომლის პირველი ფაზა უკვე გასულ წელს დასრულდა, წელსაც გაგრძელდება და შემდეგ უკვე მოხდება დაქსელვა. ამგვარად, თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვა ბუნებრივი აირი.
ასევე, ვგეგმავთ განსაკუთრებულ ხელშეწყობას ახალგაზრდებთან მიმართებით განათლების კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებიც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება, პირველ ყოვლისა, ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ძალიან მალე გავხსნით პროფესიულ სასწავლებლებს და აქ ადგილზე ჩვენი მომავალი თაობა შეძლებს, დაეუფლოს იმ უნარ-ჩვენებს, რომლებიც მათი დასაქმებისთვის არის საჭირო. განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს და შევუქმნით პირობებს, რომ ისინი დარჩნენ მთაში, დარჩნენ თქვენს ოჯახებში და აქ იყოს განვითარებისა და ცხოვრების პერსპექტივა.
ამ ამბიციური გეგმების გასახორციელებლად, მნიშვნელოვანია, რომ ხულოს ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც შეძლებს, ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს. ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, თქვენი წიაღიდან, თქვენი სამეზობლოდან უნდა ყოფილიყო, აქედან უნდა ყოფილიყო შერჩეული. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ და, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, პარტიის სახელით გვინდა, წარმოგიდგინოთ კანდიდატურა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მისაღებია და ღირსეულად შეძლებს, უპასუხოს ხულოში არსებულ გამოწვევებს. ის არის ხულოს პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს, რომ ხულოელების პრობლემები მოაგვაროს.
ვახტანგ ბერიძემ იცის ყველა ოჯახის გასაჭირი ხულოში. მან იცის ყველა პრობლემა, რომელიც ხულოელებს აწუხებს. ის არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ალალად და ძალიან ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ ბატონ ვახტანგ ბერიძეზე.
ის წინა ცხოვრებაში იყო ღირსეული პოლიციელი და ღირსეული პოლკოვნიკი. და, რაც ყველაზე მთავარია, ვახტანგმა კარგად იცის ხულოსა და თითოეული ხულოელის ფასი. სწორედ ამიტომ, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ადამიანს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისათვის, დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა შუალედურ არჩევნებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინეს.