ნორვეგია რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას აჩერებს
ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთთან 2014 წლის ბოლომდე სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის ერიკსენ სერდეის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში არსებულ ვითარებას და რუსეთის ქმედებებს უკავშირდება.
„ყირიმის კანონსაწინააღმდეგო ანექსიის შემდეგ რუსეთი ხელს უწყობდა უკრაინაში შემდგომ დესტაბილიზაციას. ნორვეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება 15 ივნისს დაგეგმილ ვიზიტსა და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის ნორვეგიაში ვიზიტს და ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებებს.
ამავდროულად, გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ზღვებში ერთობლივ სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს, ასევე საზღვრის დაცვის უზრუნველყოფას უკავშირდება“, – განაცხადა ერიკსენ სერდეიმ.