საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, სტუდენტებსა და კოლეგებს.
„პროფესორი დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი იყო. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია წარმოადგენდა. იგი გახლდათ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 1999-2006 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების არქიტექტურის განყოფილებას. თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში მიჰყავდა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის კურსი. იგი გახლდათ სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებაში დაწერილი შრომების შეუცვლელი რეცენზენტი, რედაქტორი და კონსულტანტი. არის ავტორი მრავალი სტატიისა და რამდენიმე წიგნის, რომლებიც ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუნდამენტურ შრომებად დარჩება.
მიტო თუმანიშვილმა არაერთი თაობა აღზარდა. იგი თანამშრომლობდა ეროვნულ მუზეუმთან, სადაც რამდენიმე საჯარო ლექცია წაიკითხა“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები