თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრობლობით, თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ მიზნით, თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი, პატრიცია ესტებან ერლესი, არკაითს კანო, ნიკოლას მელინი, სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო ეწვევიან.
კვირეულის ფარგლებში, ესპანელი მწერლები მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართველ კოლეგებთან -პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გამართავენ.
ღონისძიებებს მოდერაციას თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები – შოთა იათაშვილი და ლევან ბერძენიშვილი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი გაუწევენ.
ღონისძიებებს ესპანურ და ქართულ ენებზე მთარგმნელი ირაკლი მენთეშაშვილი თარგმნის.
შეხვედრას, 16 აპრილს, მწერალთა სახლი, 17 აპრილს, ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ და 18 აპრილს, „სტამბის წიგნები“ უმასპინძლებს.
ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეულის მიზანია, ქართული ლიტერატურისა და ავტორების ცნობადობის გაზრდა და ესპანურ ლიტერატურულ სივრცეში პოპულარიზაცია. ესპანურენოვანი ლიტერატურული ღონისძიებები სექტემბერშიც გაგრძელდება, როცა თბილისს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.
კვირეული 16 აპრილს გაიხსნება, პირველ შეხვედრას ქართველ მკითხველთან პოეტური კრებულებისა და ესსეების ავტორი ელენა მედელი გამართავს. ის ქართველ კოლეგასთან პოეტ პაატა შამუგიასთან ერთად ქართული და ესპანური პოეზიის თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს. შეხვედრას მოდერაციას ასევე თანამედროვე ქართველი პოეტი და კრიტიკოსი შოთა იათაშვილი გაუწევს.
ახალგაზრდა ესპანელი პოეტი ელენა მედელი 1985 წელს დაიბადა, მისი სადებიუტო კრებული „My First Bikini“ 2015 წელს გამოიცა და უკვე თარგმნილი და გამოცემულია არა ერთ ენაზე, ის აქტიურად მუშაობს მე-20 საუკუნის ესპანელი ქალი პოეტების ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის კუთხით, არის პოეზიის საგამომცემლო სახლის დამფუძნებელი და დირექტორი. ელენა მედელი დაჯილდოებულია რამდენიმე ლიტერატურული პრიზით, მათ შორის მიღებული აქვს Loewe XXVI პრიზი და ჯირონას პრინცესას ფონდის 2016 წლის ჯილდო ხელოვნების კატეგორიაში.
ესპანური და ქართული მოთხრობების თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ პატრიცია ესტებან ერლესი და არკაითს კანო ქართველ კოლეგასთან თეონა დოლენჯაშვილთან ერთად.
17 აპრილს დაგეგმილ შეხვედრასმოდერაციას ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი ფილოლოგიის მიმართულებით ლევან ცაგარელი გაუწევს. 1972 წელს დაბადებული პატრიცია ესტებან ერლესი ფილოლოგია, წერს გამოცემისთვის Heraldo de Aragón. არის სამი მოთხრობების კრებულის ავტორი. მისი პირველი წიგნი 2008 წელს გამოიცა, მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრიზი, მათ შორის სარაგოსას უნივერსიტეტის ჯილდო. პატრიცია ესტებან ერლესის მოთხრობები შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში. ბასკეთში 1975 წელს დაბადებულ არკაითს კანოს გამოცემული აქვს პოეზიის და მოთხრობების კრებულები, ასევე ნოველები. ბოლო რომანი 2018 წელს გამოიცა. მუშაობს სცენარისტად, მონაწილეობს ლიტერატურულ და არტ პეფორმანსებში და თარგმნის ბასკურ ენაზე. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
თანამედროვე ესპანელი მწერალი ნიკოლას მელინი ქართველ კოლეგასთან ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად რომანის ჟანრის თავისებურებებზე ისაუბრებს. 18 აპრილს დაგეგმილ ღონისძებას მოდერაციას თანამედროვე მწერალი და კრიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი გაუწევს. 1969 წელს დაბადებული ნიკოლას მელინი არის როგორც რომანების, ასევე მოთხრობების და პოეზიის კრებულების ავტორი. აქტიურად მოღვაწეობს კინო ინდუსტრიაში, არის არა ერთი სცენარის ავტორი. ამჟამად ხელმძღვანელობს ესპანურ-ამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალს კანარის კუნძულებზე.

16 აპრილი – პოეზია თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში;
17 აპრილი – მოთხრობა თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში;
18 აპრილი – რომანი თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები