გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ დროის მცირე მონაკვეთში, გერმანიის კანცლერი ორჯერ იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მეტყველებს ძალიან დიდ მხარდაჭერაზე, რომელსაც გერმანიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოს მიმართ იჩენს.
“გერმანიასთან თანამშრომლობა გახდა ძალიან ინტენსიური თითქმის ყველა სფეროში. ეს არის კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკის სფეროში მხარდაჭერა. საქართველოს მომავალი არის ევროპა და საქართველოს ევროპული მომავალი ძლიერი გერმანული დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. ეს ვიზიტები კი სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოს გერმანიის მხარდაჭერა აქვს” – განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ.
ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ. ნინო კობახიძემ აღნიშნა, რომ 1-2 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკვე ოფიციალურ ვიზიტს დაიწყებს.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და განათლების საკითხების გარდა, გერმანიის კანცლერთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დეტალებზეც ისაუბრებს “, – განაცხადა ნინო კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საქართველოს დროით 21:30 საათზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.