„ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას – უბრალოდ, მავნებლობაა”
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.
როგორც ივანიშვილის წერილშია აღნიშნული, პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება.
„ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას – უბრალოდ, მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას. გამოცდილება გვასწავლის, რომ ასეთი სულსწრაფი მცდელობები, წინსვლისა და განვითარების ნაცვლად, უკუსვლას იწვევს, რასაც, როგორც წესი, შედეგად ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.
ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი”, – აღნიშნულია წერილში.
9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.