დავით კეზერაშვილის საქმის განაჩენს მთავარი პროკურატურა არ ეთანხმება

დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ბათუმში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, პროკურატურა დავით კეზერაშვილს ედავებოდა სპირტის ბიზნესის მფარველობას, რომელსაც კეზერაშვილის დის ქმარი მეირ ჯანაშვილი ახორციელებდა. ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურა დავით კეზერაშვილის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილს გაეცნო და ჯერჯერობით უცნობია, რითი ასაბუთებს სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
“დავით კეზერაშვილის გამართლებას რაც შეეხება, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს მხოლოდ სასამართლოს სარეზოლუციო გადაწყვეტილება. ასე, რომ არ ვიცნობთ, სასამართლო რითი ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ სასამართლომ, რომელმაც გაამართლა დავით კეზერაშვილი, გაამტყუნა მეირ ჯანაშვილი, რომელიც არის კეზერაშვილის დის ქმარი. ჯანაშვილი ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოდან საფრანგეთში სპირტის კონტრაბანდას. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის გაუგებარია, რადგან ვედავებოდით იმას, რომ დავით კეზერაშვილი “კრიშავდა” თავის დის ქმარს, რომელიც იყო საქართველოში სპირტის ბიზნესის მონოპოლისტი”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე გუშინ დავით კეზერაშვილი გაამართლა. კეზერაშვილს ბრალად სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები