ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები, ფაქტების ნაცვლად, ჭორებზე დაფუძნებით საუბრობენ და კონკრეტულ ფაქტებს ვერ იშველიებენ

„სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები, ფაქტების ნაცვლად, ჭორებზე დაფუძნებით საუბრობენ და კონკრეტულ ფაქტებს ვერ იშველიებენ“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, რომელიც პარლამენტის წევრებთან ანგარიშით წარსდგა.
გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილმა მინისტრს მოუწოდა, საზოგადოებას გააცნოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ირგვლივ მომავალი გეგმები და რამდენიმე კითხვით მიმართა: „თქვენ ისაუბრეთ კონკრეტულ ფაქტებზე, ისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც აქვს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობაში, ნატო-სთან მიმართებით და ეს პროგრესი არის ხელშესახები. სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები – რა თქმა უნდა, მათ აქვთ ოპონირების უფლება, ეს მათი უფლებაა – ფაქტების ნაცვლად, ჭორებზე დაფუძნებით საუბრობენ და კონკრეტულ ფაქტებს ვერ იშველიებენ. არის ერთეული საკითხები, რომლებზეც მათ ისაუბრეს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ საკითხებს გასცემთ პასუხს. რაც შეეხება ჩემს შეკითხვებს – ორი შეკითხვა, რომელსაც მინდა შევეხო, ეს გახლავთ აშშ-ს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი თავდაცვის მდივნების შეფასებები იმ წარმატებულად გახორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია ყოფილ თავდაცვის მდივანზე – ჯეიმს მატისზე, რომელთანაც თქვენ გქონდათ შეხვედრა 2017 წელს ისევე, როგორც ბევრი სხვა შეხვედრა – მოქმედ თავდაცვის მდივანთან, პატრიკ შანაჰანთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერმინისტრთან ერთად, როდესაც მათი მხრიდან აღინიშნა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა იმ რეფორმებისადმი, რომლებსაც ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო. იქნებ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ როგორია შემხვედრი პოზიცია აშშ-ის მხრიდან, პრაქტიკული ნაბიჯები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან მიმართებით. ბოლოს მინდა, ასევე, შევეხო ნატო-ს გენერალური მდივნის სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, იმ კონკრეტულ რეფორმებზე, რომლებიც გახორციელდ – არის მტკიცე მხარდაჭერა მისი მხრიდან, საუბარი კონკრეტულ გეგმებზე, რომლებსაც გეგმავს თავდაცვის სამინისტრო და საქართველო. აქედან გამომდინარე, საინტერესოა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც, როგორია შედარებითი ანალიზი წინა წლის ანგარიშებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები