ირაკლი ბერაია მინისტრს: ბოლო დროს გვესმის გზავნილები, რომ, თურმე, თავდაცვა არის მოშლილი, თქვენ რით ახსნიდით ამას?
„ბოლო დროს გარკვეული ტელეკომპანიებიდან გვესმის გზავნილები, რომ, თურმე, თავდაცვა არის მოშლილი, რეფორმები არ ტარდება, ვუბრუნდებით 90-იან წლებს.
თქვენ რით ახსნიდით ამას?” – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას.
გარდა ამისა, პარლამენტის წევრი დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს გარშემო მიმდინარე მოვლენებით და მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართა: „ანგარიშიდან ყველაფერი ნათელია, უბრალოდ, ჩემი კითხვა ეხება აბსოლუტურად სხვა საკითხს. ბოლო დროს გარკვეული ტელეკომპანიებიდან გვესმის გზავნილები, რომ, თურმე, თავდაცვა არის მოშლილი, რეფორმები არ ტარდება, ვუბრუნდებით 90-იან წლებს, მაგრამ, პარალელურად გვესმის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტურად განსხვავებული შეფასებები, რომლებიც საკმაოდ პოზიტიურ და უმაღლეს შეფასებას აძლევენ თავდაცვის უწყებაში გახორციელებულ რეფორმებს. როგორია თქვენეული განმარტება, რით არის ეს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები განპირობებული? თქვენ როგორ ახსნიდით ამას? მეორე კითხვა ეხება ნატო-ს მინისტერიალს, რომელიც დღეს იმართება ვაშინგტონში. როდესაც გენმდივანი ბრიუსელიდან გამოეხმაურა ვიზიტს საქართველოში, მათ შორის წვრთნებს, მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ვაშინგტონში იქნებოდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და, ასევე, იყო მზაობა კონკრეტული ნაბიჯების იდენტიფიცირებისა საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. რა ხელშესახებ მესიჯებსა და გზავნილებს ველოდებით, ამ კუთხით, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით?“ – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ცნობისათვის, პარლამეტში დეპუტატების წინაშე თავდაცვის მინისტრი ანგარიშით წარსდგა. ამის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა მინისტრს კითხვებით მიმართეს.