„სილქნეტმა“ 200 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვება წარმატებით გაახორციელა
საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, „სილქნეტმა“, 200 მლნ დოლარის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება წარმატებულად გაახორციელა. ფასიანი ქაღალდების კუპონმა 11% შეადგინა, ობლიგაციები კი 100%-იანი ღირებულებით განთავსდა.
ევროობლიგაციები სავაჭროდ Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე დაიშვება. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და „თი-ბი-სი“ კაპიტალი, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან „სილქნეტის“ იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს.
ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, შეფასდება მუდისის (Moody’s) B1 და ფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით.
„დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს “სილქნეტის” არსებულ შესაძლებლობებსა და პოტენციალს, რაც გულისხმობს სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდებას მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში “სილქნეტის” მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა „სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებელმა და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილიმა.
„სილქნეტის“ ბონდების ემისია, უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისა და ინვესტორების მხრიდან, საქართველოს მზარდად განვითარებადი ეკონომიკის მიმართ არსებული ნდობის დასტურია.
„თი-ბი-სი ბანკს“ ეამაყება, რომ „თი-ბი-სი კაპიტალმა“ მონაწილეობა მიიღო „სილქნეტის“ 200 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდის წარმატებით განთავსების პროცესში. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია „თი-ბი-სისა“ და „სილქნეტის“ წარმატებული თანამშრომლობის. ეს განთავსება მნიშვნელოვანი მიღწევაა, როგორც „სილქნეტისთვის“, ასევე – საქართველოსთვის, რადგან კიდევ ერთ კერძო ქართულ კომპანიას გამოუცხადეს ნდობა საერთაშორისო ინვესტორებმა“, – განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„სილქნეტი“ ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას 4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს – ისეთებს, როგორებიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი.
R