მამუკა ბახტაძე: გავეცანი წერილს – საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ბევრი მეგობარი და მათი რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია

„ბუნებრივია, გავეცანი მე ამ წერილს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ბევრი მეგობარი და ბუნებრივია, მათი რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპარლამენტარების მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხარვეზები, რომლებიც დაფიქსირდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მისთვისაც ცნობილია. „ბუნებრივია, გავეცანი მე ამ წერილს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ბევრი მეგობარი და, ბუნებრივია, მათი რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული წერილი ეყრდნობოდა ეუთო-ს დასკვნებს. ყველამ კარგად ვიცით ეუთო-ს დასკვნა და მასში აღწერილი გარემო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. მათ შორის აღნიშნულია ერთმნიშვნელოვნად, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და სტაბილურ გარემოში და ის ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა ქართველი ხალხის არჩევანს. ამასთან ერთად, ბუნებრივია, იყო ხარვეზები და ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები. ჩვენი საპარლამენტო გუნდი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი, რომელიც იყო და ამას ვიზიარებ და მას მე არჩევნების პროცესშიც ვამბობდი, ეს არის პოლარიზებული გარემო, რომელიც ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენი მთავრობა ყოველთვის არის, იყო და იქნება დიალოგისთვის მზად, მაგრამ როცა ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს და დღესაც ხედავს, საიდან მოდის ეს ინიციატივები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერმა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ განცხადებებისაგან, რომლებმაც შესაძლოა, საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები