ადვოკატი: ანა ბაგრატიონის მხარე დავაში პატარა გიორგის ძალიან ბინძური და ამაზრზენი ფორმით იყენებს

დავით ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხეიძის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაზიანებებია აღწერილი, გაყალბებულია. ამის შესახებ ადვოკატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასაქმებულ ერთ-ერთ პირთან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ნათესავური კავშირი აქვს.
„დამიკავშირდა ანონიმური წყარო და მინდა, განვაცხადო – ქალბატონ ლიკა მგელაძის ალალი ბიძაშვილი, მაცაცო მგელაძე მაღალ თანამდებობაზე მუშაობს სამხარაულის ექსპერტიზაში. გეუბნებით, არის ბიძაშვილი დედამისის. თავისი ბიძაშვილის შვილის სასარგებლოდ იყენებს თავის მდგომარეობას ბოროტად და აყალბებინებს დასკვნებს.
ქალბატონი უკვე მერამდენედ ძალიან ცუდად ეჩრება და აყალბებინებს დასკვნებს ამ ოჯახის სასარგებლოდ სამხარაულის ექსპერტიზას. მივმართავ სამხარაულის ექსპერტიზის ხელმძღვანელობას, გააჩერონ ეს ქალბატონი.
მოწინააღმდეგე მხარე წავიდა უფრო შორს ცილისწამებაში. მიხვდნენ, რომ ვერ დადგებოდა სისხლის სამართლებრივი შედეგი, ახალი სიცრუე მოიგონეს და ეტაპ-ეტაპ ჩნდება ახალ-ახალი ბრალდებები, თითქოს, ჩემმა მარწმუნებელმა თავისუფლება აღუკვეთა ქალბატონ ანას. აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს და ეს ბრალდება ისევე გაიფანტება, როგორც ყველა სხვა ბრალდება გაიფანტა. არანაირ თავისუფლების აღკვეთას ქალბატონი ანას მიმართ ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს ირიბად თვითონაც ადასტურებს, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, მძღოლთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. აქედან გამომდინარე, კიდევ გაურკვეველია, 7 საათს იკითხებოდა ქალბატონი ანა ქალაქის სამმართველოში. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, ასეთი გამოთქმაა, რომ „პასტა“ და ფურცელი ვერ გააგდებინეს ხელიდან.  7 საათს მათ სულ არ უცხოვრიათ ერთად, პრაქტიკულად, და რას წერს ქალბატონი ანა ამდენს, ძალიან საინტერესოა.
მოგახსენებთ, რომ, ოჯახური ძალადობის მუხლით, დავა ხანდაზმულია. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე „აპელირებს“, თითქოს, აღნიშნულ ქმედებას ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ჯერ არ აკონკრეტებდნენ, რომელი ბავშვი იყო. შემდეგ უცებ დააკონკრეტეს, რომ ეს იყო პატარა გიორგი ბაგრატიონი, რომელიც, იმ დროისთვის, ალბათ, წლინახევრის, ან 2 წლის უნდა ყოფილიყო. მას არაფერი ემახსოვრება. ის მოწმედაც ვერ იქნება დაკითხული. ეს, უბრალოდ, სასპეკულაციო თემაა. მოწინააღმდეგე მხარე იყენებს, ძალიან ბინძური და ამაზრზენი ფორმით, პატარა გიორგის ამ დავაში“, – განაცხადა ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონის დედას გულის შეტევა დაემართა. მისი თქმით, ბაგრატიონის ესპანეთში გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
ცნობისთვის, 2 აპრილს ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე გახორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები, სავარაუდოდ – ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები