საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები 40 მისამართზე ხორციელდება

საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო 40 მისამართზე მიმდინარეობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ათი ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ლიფტების შეკეთება ფანასკერტელის ქუჩაზე N9 და N22 საცხოვრებელ კორპუსში, ასევე, იოსებიძის ქუჩა N57-ში უკვე დასრულებულია. წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები ზაქარიაძის ქ. N9 და პეკინის გამზირის N7-ში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები, ამ დროისთვის, დამატებით, სამ მისამართზე მიმდინარეობს.
სადარბაზოების რეაბილიტაციის პროექტი დები იშხნელების ქ. N4-ში, ბახტრიონის N12ა-სა და საირმის ქუჩაზე N3 საცხოვრებელ კორპუსში გახორციელდა. ამჟამად, სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები 18 მისამართზე მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ორ მისამართზე ქანობიანი და ორ მისამართზე ბრტყელი სახურავი შეკეთდა. სახურავების რეაბილიტაცია, დამატებით, ექვს მისამართზე ხორციელდება. მიმდინარეობს, ასევე, ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები.
საბურთალოს გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების გახორციელებას მომავალშიც განაგრძობს. მიმდინარე წელს, ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, გამგეობის მიერ უკვე 18 პროექტი დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები